10 საუკუნე თქვენი ჯანმრთელობის სამსახურში

საქართველოში გვარი თურმანიძე ოდითგანვე ხალხურ მედიცინასთან ასოცირდება. თურმანიძეები სამეფო კარის მკურნალ ექიმებად გვევლინებოდნენ. მათ შესახებ ისტორიულ წყაროებშიც უამრავი დოკუმენტური ინფორმაციაა შემონახული, რომელთა მიხედვითაც გვარი - თურმანიძე პირველად XI ს. ნახსენები. ამავე დროს მრავალ რომანსა თუ თხზულებაში გვხვდება სახალხო მკურნალის - თურმანიძის სახელი.

«ძირულა ადიდებულა, ყვირილას მიაქვს ხიდიო,
ვისაც წამალი გინდოდეთ, თურმანიძესთან მიდიო”- (ხალხური)
თურმანიძეები სამოღვაწეო ასპარეზზე XI ს გამოჩენილან. ამ მხრივ საინტერესოა “Biblioteca Armeno Georgica”, წიგნი III “აღაპნი ჯუარისა მონასტრისანი იერუსალიმსა შინა” (გამოსცა ნიკო მარმა 1914 წ), სადაც ხსენებული არიან ესენბუღა და ნინო თურმანიძეები. მათ შესახებ ცნობები მეორდება ელენე მეტრეველის მიერ გამოცემულ წიგნშიც “მასალები იერუსალიმის ქართული კოლონიის ისტორიისათვის” ( XI-XIIIსს). ნიკო მარს გვარი თურმანიძე სოფელ ტბეთში შეხვედრია (იხ. გამოც. “გრიგოლ ხანძთელი” 1911წ. და თანდართული დღიურები, გვ.26), შემდგომ კი თურმანიძეები დასახლებულან დასავლეთ საქართველოში, კერძოდ – იმერეთში, სხვადასხვა ისტორიული მიზეზის გამო (ნიკო ბერძენიშვილი “დოკუმენტები საქართველოს სოციალური ისტორიიდან”, ტ III, თბილისი 1953 წ. გვ.287), იმ მოტივით, რომ საგვარეულო წესით მკურნალობაში ერთმანეთისთვის ნაკლები კონკურენცია გაეწიათ. თედო ჟორდანიას “ქრონიკებში” (ტ. II) ნახსენები არიან როსტევან და ხოსრო თურმანიძეები, საბუთი დათარიღებულია 1523 წლით, ეს უკანასკნელი “შაჰ ნამეს“ ქართული ვერსიის - “როსტომიანის” მთარგმნელად არის მოხსენებული, რაც იმაზე მეტყველებს, რომ თურმანიძეები არა მარტო ექიმობდნენ, არამედ მწიგნობრობდნენ კიდეც.

მაღალი ქირურგიული ხელოვნების წყალობით მკურნალი თურმანიძეები მეფის არმიაშიც მსახურობდნენ, როგორც გაზეთი «დროება» იუწყება : «სერბიაში დაჭრილების სამკურნალოდ თურმანიძეების გაგზავნაა განზრახული” (გაზეთი ‘”დროება”, 1876წ., 20 აგვისტო, #38). 1812 წლის კახეთის აჯანყების დროს დაჭრილი ქართველი პოეტი, გენერალ- ლეიტენანტი ალექსანდრე ჭავჭავაძე თურმანიძის მორჩენილი ყოფილა, 1854-1865წწ. რუსეთ-თურქეთის ომისას თურმანიძეთა გვარის წარმომადგენელი, ბეჟან თურმანიძე, სამედიცინო დამსახურებისათვის დაჯილდოებული ყოფილა წმ. სტანისლავის III ხარისხის და წმ. ანას II ხარისხის ორდენებით.
ქართველი მემატიანეები, მწერლები და პოეტები, უცხოელი მოგზაურები თავიანთ ნაშრომებში აღწერდნენ სასწაულმოქმედ თურმანიძის მალამოს, რომლის ირგვლივ არაერთი ლეგენდა არსებობს, მათ შორის, იტალიელების ეროვნული გმირის, ჯუზეპე გარიბალდის არაჩვეულებრივი გამოჯანმრთელების ამბავი ბევრისთვისაა ცნობილი.
XX საუკუნის დასაწყისში საბჭოთა მთვრობამ სახალხო მკურნალს – მალაქია თურმანიძეს მკურნალობის ოფიციალური ნებართვა დართო (1929წ).
ტრადიცია არც მალაქია თურმანიძის მემკვიდრეებმა დაარღვიეს. მისი ვაჟი –გიორგი თურმანიძე პირველი დიპლომირებული ექიმი იყო, რომელიც მოსკოვის სამედიცინო ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ დიდი ხნის მანძილზე ლენინგრადის სამხედრო სამედიცინო აკადემიაში მუშაობდა პროფესორ ი. ჯანელიძესა და ელანსკისთან, სადაც წარმატებით აწარმოებდა თურმანიძის მალამოს კლინიკურ კვლევას. მისი მოღვაწეობის ერთ-ერთი საინტერესო მომენტია ჩეხი კალათბურთელის ბოგუსლავ დივიშის სასწაულებრივი განკურნება – საქართველოში მყოფ სპორტსმენს ექსუდატური მრავალფორმიანი ჰემორაგიული ერითემის ტოქსიკური ფორმა დაუდგინეს (ე.წ. სტივენს-ჯონსის სინდრომი). სპორტსმენის კანი ისეთ დღეში იყო, რომ იგი ცოლმაც კი ვერ იცნო. მისი გადარჩენის იმედი არც მოსკოვიდან და არც ჩეხეთიდან მოწვეულ ექიმებს აღარ ჰქონდათ. პროფ. ბრაიცევის (მოსკოვი) თქმით ყოფილ სსრკ-ში ეს ამ დაავადების მე-5 შემთხვევა იყო – მანამდე 4 სიკვდილით დამთავრდა. გიორგი თურმანიძემ სამ კვირაში სასწაული მოახდინა - გამოჯანმრთელებული და მადლიერი სპორტსმენი ყოველგვარი ნაწიბურისა და ნაიარევის გარეშე დაუბრუნდა თავის სამშობლოს და დღემდე კავშირს არ წყვეტს ექიმის ოჯახთან.

ტრადიციის მიხედვით მალამოს დამზადების საიდუმლო გვარში მამაკაციდან ვაჟს გადაეცემოდა. ეს ტრადიცია დღემდე არ დარღვეულა. მალაქია თურმანიძის პირდაპირმა შთამომავლებმა დააარსეს შპს ”თურმანიძე პლიუსი”, ერთმანეთს შეუხამეს ძველი ხალხური ტრადიცია და თანამედროვე მედიცინის მიღწევები. მალამო სააფთიაქო ქსელში გამოჩნდა ხუთი სხვადასხვა სახით: "თურმანიძე + მალამო დამწვრობისთვის", "თურმანიძე + მალამო ანტისეპტიკური", "თურმანიძე + მალამო ბუასილისთვის," "თურმანიძე + მალამო ნაწოლებისთვის", "თურმანიძე + მალამო ბავშვებისთვის” და სიახლე -"თურმანიძე + სახის კრემი" მშრალი და კომბინირებული ტიპის სახის კანისთვის, დამზადებული ეკოლოგიურად სუფთა, ბუნებრივი კომპონენტებისგან..
მალამოები აპრობირებულია და რეგისტრირებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ.

თურმანიძის მალამოს ბუნებრივი შემადგენლობა პრაქტიკულად გამორიცხავს უკუჩვენებებს, ალერგიულ რეაქციებს, არ შეიცავს ქიმიურ მინარევებს და წარმატებით გამოიყენება დიაბეტით დაავადებული უფროსებისა თუ ბავშვებისათვის, უსაფრთხოა ორსულთა და ახალშობილთათვის.
 

 

Copyright © 2012 TURMANIDZEPLUS All rights reserved.

Created by: GTSTUDIO